დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის დედაქალაქში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ექს-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელთაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს.
“მაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობამ. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს. ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა, სიყვარულით ჩვენ ავაშენეთ ის, რაც ვაშენეთ საქართველოში ამდენი წელი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრის დაწყების წინ შავებში ჩაცმულმა უცნობმა მამაკაცმა მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა. თავდამსხმელი გაიქცა. დაპირისპირებისას კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, სხვა შესასვლელით სარგებლობის შეთავაზების მიუხედავად, მან უარი თქვა:
“გარეთ მოვიდა მრავალი ასეული გულანთებული მამულიშვილი…როდესაც მოვედი და ვნახე თვალებანთებული ხალხი, მე ვთქვი, რომ ამ ხალხს ვერ ვუღალატებ, ამ ხალხს ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და უარს ვერ ვეტყვი იმის გამო, რომ ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს და გააკეთეს კიდეც. მე არ დავიხევ უკან. თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს…
აქ ჩავეხუტე საქართველოს ნაწილს და სულ მალე ვაპირებ ჩავეხუტო მთლიანად საქართველოს,” – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს.
წყარო: “მთავარი არხი.”