თბილისის მერმა, კახა კალაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას გამოძიების ხელთ არსებული რუკების საქართველოში ჩამოტანასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს “არასერიოზული” უწოდა.
მერის განცხადებით, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
“დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ და ყველაფერი იქნება გარკვეული. რა შუაშია ივანიშვილი?! – არასწორი ლოგიკაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება სწორედ არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. ოქროს მოწმის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯელი მღვდელმსახური მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას 2014 წლიდან მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავით-გარეჯის საქმეზე მუშაობას. რამდენიმე წელში, მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შემდეგ კი, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარტოგრაფიული რუკების მოპოვების უკან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები იდგნენ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.