ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, თუ ქვეყანაში რაიმე ხდება, პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ. – ამის შესახებ მეუფემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასიხარულოა, რომ იპოვეს რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ვინმეს მხარეს დაიჭერს.
“როცა პროფესიონალი ხარ და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოჰყვება. როცა შენ ცალსახად ამბობ, იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადავოს ხდის და საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია? ნახეს რუკა, ჩამოიტანეს, სულ არ მაინტერესებს, საიდან ჩამოიტანეს, მთავარია რუკა იყოს სწორი, ყველა მხარემ მიიღოს, მაგრამ სხვა რამის ეშინიათ ეტყობა – ზუსტად ისე არ გავიდეს საზღვარი, როგორც ახალ რუკაზე, ეშინიათ და არ უნდათ, რომ რომელიღაც ხელისუფლებამ გააკეთოს. ახალი პარლამენტი იქნება და თუნდაც, რუკა გქონდეს, ამას უნდა მოლაპარაკებები, 24 წელი გრძელდებოდა ხომ? უბრალოდ, სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა. ამ დროს ატეხილი ამბავი… ხან მამაოს გადასწვდებიან და ნეტავ, რომელიმე მათგანი იყოს მამაოსავით წესიერი, პატიოსანი და საქართველოსთვის თავდადებული. მამაოს გამო არავინ არის დაჭერილი, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს, თუ პროკურატურა, ხელისუფლება არ არის საჭირო, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ, მოღალატეები არ უნდა ვეძახოთ, გამოჩნდება მალე, შეგნებულად კეთდებოდა რაღაც თუ რის გამო კეთდებოდა?, – აღნიშნა მეუფემ.
ცნობისთვის, 7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება სწორედ არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. ოქროს მოწმის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯელი მღვდელმსახური მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას 2014 წლიდან მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავით-გარეჯის საქმეზე მუშაობას. რამდენიმე წელში, მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შემდეგ კი, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.