დავით გარეჯის საქმისეს საეჭვო პოლიტიზება, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი“.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა მოტივი შეიძლება ჰქონდეთ ამ საქმეზე დაკავებულებს, კობახიძემ უპასუხა, შესაძლოა, მხედველობაში მივიღოთ ანგარების მოტივი.
„რა მოტივი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რამაც რუსეთს ფედერაციას გაუადვილა ოკუპაცია და ბორდერიზაცია, რომელიც დღემდე წარიმართება, რა მოტივაციაც ჰქონდათ, ალბათ, იგივე მოტივაცია აქვთ ახლაც. ეს არის გამოვლინება იმის, რომ არ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, სხვა მოტივაციას ვერ ვხედავ და შესაძლოა, მხედველობაში მივიღოთ ანგარების მოტივი“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
8 ოქტომბერს მათ სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.