ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლაზე – „ჯორჯიან ეარვეისის” განმარტება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განმარტავს, რატომ ეთქვა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე უარი. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი არ შედის იმ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეები ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის” სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს უნდა თბილისში ჩამოსულიყო, თუმცა, როგორც იგი წერს, ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, გამომძიებელი ჟურნალისტი, ბოლოს, საქართველოში 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლი პროკურატურაში მისვლას და ჩვენების მიცემას გეგმავს. ამბობს, რომ დეტალურად გაიხსენებს თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ მის გატაცებას.

იტვირთბა....