ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს უნდა თბილისში ჩამოსულიყო, თუმცა, როგორც იგი წერს, ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა. მისი თქმით, დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში. როგორც აფგან მუხთარლი წერს, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.
“სიმართლე არ არის (რომ საბუთები არ მაქვს წესრიგში). როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე” – წერს აფგან მუხთარლი.
ცნობისათვის, გამომძიებელი ჟურნალისტი, ბოლოს, საქართველოში 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლი პროკურატურაში მისვლას და ჩვენების მიცემას გეგმავს. ამბობს, რომ დეტალურად გაიხსენებს თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ მის გატაცებას.