საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელისთვის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისთვის, გაუგებარია როდესაც საუბრობენ, რომ დავით გარეჯის პრობლემატური საკითხის გადაწყვეტისას ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას უნდა დაელოდონ.
როგორც დეკანოზი აცხადებს, საპატრიარქო 15 წელია, რაც დავით გარეჯის პრობლემატიკის საკითხის უმაღლეს დონეზე განხილვაზე საუბრობს.
„მაინტერესებს დავით გარეჯის საკითხი, არ მესმის, როდესაც ამბობენ დაველოდოთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტას. ყარაბაღის პრობლემა ვიცით, რომ დაახლოებით 30 წელია მიმდინარეობს, შეიძლება კიდევ 30 წელი გაგრძელდეს, ამდენი ხანი საპატრიარქო რომ ჩუმად იყოს სწორი იქნება?
როგორც იქნა, დადგა მომენტი, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდა და გაერკვა ამ საკითხში მეტ-ნაკლებად. წინ არის გამოძიება და შედეგები, ამ ეტაპზე, რაღაც ნაბიჯი გადაიდგა“, – განცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.