დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის რუკის ძიება მათ 2014 წელს დაიწყეს. მისი თქმით, იგი თხოვნით მივიდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან, რუკის პოვნაში დახმარებოდა. ამის შესახებ მან „იმედის” გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში” განაცხადა.
„შეუძლებელი იყო ეს რუკა სადღაც არ გვეპოვა. რუკა რომ არსებობდა, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა სასაზღვრო პოლიციის ძველი თანამშრომლებისგან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველი განვახორციელეთ სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც ჩვენ მას რუკაზე საუბარი დავუწყეთ, ვეძებთ, გვჭირდება და ხომ არ იცით, სად არის, მან გაიოცა და ძალიან დაიბნა. თქვა, რომ მე არაფერი ვიცი. მე ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს წარმართავდა და ივერის ჰკითხეთო. ამიტომ, ეს რუკა რომ იარსებებდა, ამას ორი აზრი არ უნდა.
მაშინ საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრი იყო. ყველანაირი მასალები ჩვენთან ინახებოდა და ჩვენგან წაიღო მერე სომხეთმა და აზერბაიჯანმა. როგორ შეიძლება, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა, მაგრამ როდესაც ჩვენ მასალებისა და რუკის მოძიება დავიწყეთ, ყველა არქივიდან ნომენკლატურა გამქრალი იყო და ვერ ვპოულობდით. ასე, რომ მადლობა ღმერთს, რომ მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოში ამ რუკის არ არსებობა და კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი ინახებოდა.
მაშინ ირაკლის მიერ მოხდა ამ მასალების გადახედვა და დაკავშირება კარტოგრაფიულ განყოფილებასთან. მან გასცა დავალება, რომ მოგვეძიებინა რუკები და იურიდიული მასალები. როდესაც ჩვენ დავრწმუნდით ჩვენი პოზიციის სიმართლეში, იყო კამათი და მსჯელობა. დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია უტყუარი იყო, შემდგომ მივედით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც მაშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და მასალები წარვუდგინეთ. მან გასცა განკარგულება ამ საქმის სრული მოკვლევის, რომელიც ფართომასშტაბით განხორციელდა და ის მასალები, რაც დღეს გვაქვს, ფაქტობრივად, მაშინ არის მოძიებული” – დასძინა მამა კირიონმა.
ცნობისათვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.