“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი დავით გარეჯის საკითხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ზურაბიშვილი წერს, აღნიშნული ფაქტი დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი სხვა ხელისუფლების დროს არ მოხდებოდა.
“სადემარკაციო კომისიის წევრთა დაპატიმრება სამშობლო მიწის გაყიდვის გამო ისეთი ფაქტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი სხვა ხელისუფლების დროს არ მოხდებოდა.
მეტიც, საბჭოთა კავშირში, ბრეჟნევის დროსაც კი არ მოხდებოდა.
მსგავსი აბსურდული ბრალდებით ადამიანის დაკავება შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ სტალინის მმართველობის დროს, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში.
აი, ქალაქის წყალსადენს რომ წამლავდნენ ქართველი მწერლები, დაახლოებით იმ ტიპის ბრალდებაა, ბომბეიდან ლონდონამდე გაყვანილი გვირაბისა არ იყოს.
და ამის მომფიქრებელი სად ბანაობს, ხვდებით ჰო?
გამპრავებელ-მხარდამჭერებზე კი რა ვთქვა? უსინდისო მედროვე ყველა დროში უსინდისო მედროვეა. სიძულვილით შეპყრობილ ტვინგაყინულებს, რომლებიც ალალად ფიქრობენ, ნაცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ვითომ რატომ არ გაყიდდნენ სამშობლოსო, ცხადია ეს არ ეხებათ, თუმცა დიდი ვერაფერი შეღავათი.
ჩათვალეთ, რომ უკიდურესად თავაზიანად და კორექტულად ვთქვი”, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.