ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები განზრახ და შეგნებულად მოქმედებდნენ” – პროკურატურა

ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა – ამის შესახებ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულები განზრახ, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, დღეს მოხდება მათთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენა. წარსადგენი ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით, 3 500 ჰა შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ.

მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება”, – აცხადებს სადრაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....