საქართველო ახალი ტიპის კორონავირუსს 26 თებერვალიდან ებრძვის. ვირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპზე მთავრობამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა და მკაცრ შეზღუდვებთან ერთად მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის პოლიტიკა აირჩია. ვირუსთან ბრძოლაში კი თანხების გახარჯვა ორ ძირითად მიმართულებაზე ხდება: სამედიცინო მოწყობილობები და სასტუმროს მომსახურება საკარანტინოდ.
პირველი მიმართულებაზე, ანუ რა თანხები იხარჯება სამედიცინო მოწყობიობებზე და რა სახის პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მოდის თანხის უმეტესი ნაწილი, “მეტრონომმა” უკვე შემოგთავაზათ მასალა. საკითხის გასარკვევად ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, რომელმაც ვირუსთან ბრძოლაში სხვადასხვა კომპანიებისგან სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა.
ამავე სტატიაში ჩვენ მკითხველთან დავაანონსეთ, რომ მოვამზადებიდით მასალას მეორე მიმართულებითაც და მკითხველს გავაცნობდით, რა თანხა დაიხარჯა სასტუმროს მომსახურებაზე კარანტინის მოწყობის მიზნით, რამდენმა მოქალაქემ გაიარა კარანტინი და რა დაუჯდა სახელმწიფოს ერთი მოქალაქის მომსახურება. “მეტრონომმა” ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, 26 აგვისტოს ოფიციალურად მიმართა. (იხ. ფოტო.)
ტურიზმის ეროვნულ სააგენტომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით კათვალისწინებული ვადა დაარღვია. კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაბამისად, სააგენტოს “მეტრონომისთვის” საჯარო ინფორმაცია 10 სექტემბერს უნდა მიეწოდებინა.
ვიდრე ამ მასალის დაწერას გადავწყვეტდით, გამოცემის ჟურნალისტები და რედაქტორი ვადის დარღვევის შემდეგ არაერთხელ დაუკავშირდნენ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ნინი ვეკუას. სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაგვიანების მიზეზად რესურსების სიმწირეს ასახელებდნენ. ხოლო, ყოველი დაკავშირების შემდეგ სააგენტოში გვპირდებოდნენ, რომ საჯარო ინფორმაციას მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში გამოგვიგზავნიდნენ. გავიდა თითქმის 1 თვე.
“მეტრონომი” ამ დრომდე საგენტოსა და მისი თანამშრომლების მდგომარეობაში შედიოდა. თუმცა, ყოველგვარი პირობის დარღვევის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავუკავშირდით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და ვუთხარით, რომ თუ ორი დღის განმავლობაში ინფორმაციას არ გამოაგზავნიდნენ, დავიწყებდით კონსულტაციებს ჩვენს იურისტებთან და სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტანდით. ორი დღის ვადის გასვლის შემდეგ კი “მეტრონომის” რედაქტორმა კიდევ ერთხელ მიმართა წერილით ელექტრონული ფოსტით. (იხ. ფოტო)
ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან წერილზე გამოხმაურება არ ყოფილა. ვინაიდან, სააგენტომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, თავი აარიდა პასუხისმგებლობას, უფლებას ვიტოვებთ, ვივარაუდოთ, რომ სააგენტო შესაძლოა გარკვეულ ინფორმაციას მალავდეს. “მეტრონომი” იტოვებს უფლებას სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს სასამართლოში და ორგანიზაციისგან მორალური კომპენსაცია მოითხოვოს, ვინაიდან ჟურნალისტმა მკითხველისთვის დაანონსებული მასალის მომზადება ვერ შეძლო.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი