საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მთავრობამ ვირუსთან ბრძოლაში პირველ ეტაპზე მკაცრი მიდგომები აირჩია და შეზღუდვებთან ერთად მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის პოლიტიკა აირჩია. ვირუსთან ბრძოლაში სახელმწიფო თანხების გახარჯვა კი ორ ძირითად მიმარულებაზე ხდება: სამედიცინო მოწყობილობები და სასტუმროს მომსახურება საკარანტინოდ.
“მეტრონომი” დაინტერესდა, რა თანხები იხარჯება კორონავირუსთან საბრძოლველად, რა სახის პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მოდის თანხის უმეტესი ნაწილი და რომელ მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობს მთავრობა.
საკითხის გასარკვევად ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, რომელმაც ვირუსთან ბრძოლაში სხვადასხვა კომპანიებისგან სამედიცინო მოწმეობილობები შეისყიდა. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რა სახისა და რა რაოდენობის სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა სამინისტრომ 2020 წლის 21 მარტიდან 26 აგვისტოს ჩათვლით.
მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტროს შესყიდვებში როგორც ფასის, ისე რაოდენობის კუთხით, ჭარბობს პირბადეები. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც საერთაშორისო ბაზარზე პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოს მთავრობამ, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით, ადგილობრივი წარმოება დაიწყო. ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ, მთავრობამ რომელი მწარმოებლიდან რამდენი და რა ღირებულების პირბადე შეიძინა 2020 წლის 21 მარტიდან 26 აგვისტოს ჩათვლით. პირბადეების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს ამავე პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა სახეობის სამედიცინო მოწყობილობაც. (იხ. გრაფიკა)
[infogram id=”5aaf6fec-9eda-4c98-8b8a-24472b488a98″ prefix=”1wz” format=”interactive” title=”შესწყიდული სამედიცინო პირბადეები”]
გრაფიკის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვითაა აგებული, ჩანს, რომ უწყებამ პირბადეებში 3.5 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა და განხორციელდა 11 შესყიდვა ექვსი კომპანიისგან. პირველი შესყიდვა 26 მარტს მოხდა და სამინისტრომ შპს “ქართულ ტექსტილთან” 100 000 სამშრიანი პირბადე 114 000 ათას ლარად შეიძინა, შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა.
პირბადეების შესაძენად მეორე შესყიდვა 30 მარტს განხორციელდა შპს “სავაჭრო ჯგუფისგან”. სამინისტრომ მიმწოდებლისგან ამ დღეს ჯამში 453 000 სამშრიანი პირბადე შეიძინა, რაშიც 589 000 ლარი გადაიხადა. თუმცა, პირბადეების შესწყიდვის პროცესი ორ ნაწილად გაიყო. კერძოდ, სამინისტრომ შპს “სავაჭრო ჯგუფისგან” 400 000 ცალი პირბადე შეისყიდა, თითოს ფასია 1 ლარი 27 თეთრია(ჯამში 508 000 ლარი) და მეორე ხელშეკრულებით 54 000 პირბადე შეიძინა. ამ შემთხვევაში თითოს ფასია 1 ლარი და 50 თეთრია (ჯამში 81 000 ლარი). რაც უფრო ძვირია, ვიდრე პირველი კომპანიისგან შეძენილი პირბადეები. სამინისტრომ ამავე კომპანიასთან უკვე 3 აპრილს შეისყიდა 500 000 სამშრიანი პირბადე 635 000 ლარად, შესაბამისად, თითოს ფასმა ისევ 1.27 ლარი შეადგინა.
როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული პირბადე უწყებამ 2020 წლის 6 აპრილს შეიძნა შპს “Weekend”-სგან. ამავე დღეს, ამავე კომპანიისგან ჯანდაცვის სამინისტროს შეძენილი აქვს სხვა სახეობის პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია.
რაც შეეხება დანარჩენი სამედიცნო მოწყობილობებს, მათში დაიხარჯა 650 ათას ლარამდე და მიმწოდებლები ძირითადად იგივე კომპანიები არიან.
როგორც ზევით აღვნიძნეთ, მეორე მიმართულება, რაზეც ვირუსთან ბრძოლაში დიდ რაოდენობით თანხა დაიხარჯა, სასტუმროების საკარანტინოდ მოწყობაა. რა თანხა დაიხარჯა სასტუმროს მომსახურებაზე კარანტინის მოწყობის მიზნით, რამდენმა მოქალაქემ გაიარა კარანტინი და რა დაუჯდა სახელმწიფოს ერთი მოქალაქის მომსახურება, “მეტრონომმა” ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. საჯარო ინფორმაციის გამოგზავნის შემდეგ, “მეტრონომი” მასალას ამ თემაზეც დეტალებში შემოგთავაზებთ.
თათია შაიშმელაშვილი