აუცილებლად მოყვება ამ საკითხს საერთაშორისო რეაქცია – ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რითაც, დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯი რელიგიური დატვირთვის ტერიტორიული საკითხია, რაც შეიძლება ენერგოპარტნიორ ქვეყანასთან დავად გარდაიქმნას.
“1. დავით გარეჯი რელიგიური დატვირთვის ტერიტორიული საკითხია, რაც შეიძლება ენერგოპარტნიორ ქვეყანასთან დავად გარდაიქმნას და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა წარსულს ჩაბარდეს, თუ უარესი არ მოხდა – ეს ცალსახადაა რუსეთის ინტერესებში.
2. მართლმადიდებელ ეკლესიას რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომში იყენებს – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა ახლახან. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობდა ეკლესიის ერთერთი ჩინოსანი.
3. ის, რომ რუსეთი ქართულ არჩევნებში ჩარევას შეეცდება დასავლეთში კარგად იციან და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ.
4. ივანიშვილი რას წარმოადგენს და პოლარიზაცია რაში აწყობს, დასავლეთმა იცის – ვაშინგტონმაც, ბერლინმაც, ბრუსელმაც.
მე მგონი ყველაფერი ნათელია.
აუცილებლად მოყვება ამ საკითხს საერთაშორისო რეაქცია”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.