ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ვითარებაში შეფასებისას არის ის, რომ ეს ხდება აბსოლუტურად პარანოიდული მდოგმარეობიდან გამომდინარე, რომელიც არის არჩევნების წინ და ვიცით რა პარანოიაცაა „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, დავით გარეჯის საკითხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს უკვე საჯარო პროცესია.
“ეს კომისია 24 წელია არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლესი საიდუმლოების მქონე კომისიაზე ორ ქვეყანას შორის, ეს ხომ არაა სოფლის ქოხ-სამკითხველო, რომელშიც შემთხვევით „სამი მუშკეტერი“ ხელს გააყოლე და მერე მოიტანე და სადღაც სხვაგან დადე, ან ფურცლები იყო ამოხეული. ვსაუბრობთ უმაღლესი დაცვის ხარისხის დოკუმენტზე, რომელსაც დაცვის, შენახვის, გაცემის დეტალური ნუსხა გააჩნია და ამაზე მთელი რიგი უწყებებია პასუხისმგებელია. ეს არაა ერთი ფარატინა ქაღალდი. ეს დოკუმენტები სპეციალური პროცედურებით ინახება, მიხვედი ჩააბარე, ხელი მოაწერე, წერია რამდენი საათით გქონდა გატანილი, ასეთ დონეზე ინახება. ვსაუბრობთ 24- წლიან პროცესზე, ათეულობით ადამიანი ზის ორივე მხრიდან კომისიაში.
ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ვითარებაში შეფასებისას არის ის, რომ ეს ხდება აბსოლუტურად პარანოიდული მდოგმარეობიდან გამომდინარე, რომელიც არის არჩევნების წინ და ვიცით რა პარანოიაცაა „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. „ქართული ოცნება“ პარანოიაშია, არ ვიცი რატომ აქვთ ეს პარანოია, მე პირადად არასდროს მშინებია ამ პოლიტიკური ძალის. ამ 24 წლის განმავლობაში ამ კომისიაში ალბათ 50-მა კაცმა გაიარა, გამოვიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ. პროკურატურამ და კომკავშირულ უნისონში „ქართულმა ოცნებამ“ სადღეგრძელოები მიუძღვნა, ადამიანს ბრალი დასდო. ეს უკვე საჯარო პროცესია. ამ ადამიანს საჯაროდ დასდეს ბრალი, პროკურატურას უფლება აქვს, მერე გამოვიდნენ პოლიტიკოსები, გულანთებული პატრიოტები, საყდრისის ამფეთქებლები და გამოავლინეს ეს ადამიანი, თუ ვინმემ ამ ადამიანის თაობაზე იცის, საჯაროდ უნდა თქვას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.