7 ოქტომბერს მსოფლიო ღირსეული შრომის დღეს აღნიშნავს, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, შეკრების გარეშე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება ღირსეული შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, იზიარებს სლოგანს – ახალი სოციალური კონტრაქტის მოთხოვნის შესახებ.
რა არის სოციალური კონტრაქტი?
როგორც „მეტრონომს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა განუმარტა, სოციალური კონტრაქტი – ერთგვარი შეთანხმება, სახელმწიფოსა და დასაქმებულებს შორის, რომლის შინაარსია სოციალური თემატიკა – მინიმალური ხელფასი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, თანაბარი მოპყრობა.
„შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს, რაც შრომით საკითხებთან დაკავშირებით გააჩნია საზოგადოებას. სოციალური კონტრაქტი შეიძლება იყოს პირობითი, შევიდეს კანონმდებლობაში, სახელმწიფო პოლიტიკაში… მთავარი არსი ისაა, რომ საზოგადოებასთან სახელმწიფო თანხმდებოდეს უკეთესი სოციალური დაცვის გარანტიების საჭიროებაზე“, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
რატომ ეს სლოგანი?
„წელს ეს სლოგანი შეირჩა, რადგან პანდემიის პირობებში, ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს , ის გამოწვევები და პრობლემები რომლებიც ისედაც არსებობდა, კიდევ უფრო წამოვიდა ზედაპირზე. სოციალური კონტრაქტი არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, ასევე, ღირსეული სამუშაო გარემო უზრუნველსაყოფად. კორონავირუსის გავრცელებისას, ჩაითვალა, რომ ჯანდაცვის მუშაკები არიან და აქამდეც იყვნენ მომატებული რისკის ქვეშ, და თუ აქამდე სპეციფიური, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისთვის არსებობდა ეს გამოწვევა, პანდემიამ დაგვანახა, რომ ეს თანაბრად გამოწვევაა ყველასთვის“, – გვითხრა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ.
რას აპირებს საქართველო?
რაისა ლიპარტელიანის თმით, პროფკავშირები 2019 წელს, საპირველმაისოდ მოითხოვდნენ სოციალურ კონტრაქტს.
„მიმდინარე რეფორმაში რამდენიმე საკითხი აისახა, თუმცა მაგალითად, მინიმალური ხელფასის მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული, რაც უთანასწორობის და სოციალური პრობლემების აღმოფხვრის გზად მიიჩნევა. სექტემბრის ბოლოს გაუმჯობესებები არის, თუმცა დარჩა საკითხები, რეაგირების გარეშე“. – გვითხრა რაისა ლიპარტელიანმა.
თამთა ქარქაშაძე
ფოტო: პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა – Youth GTUC
ამავე თემაზე: ცვლილებები შრომის კოდექსში – რა არ დაუშვა ბიზნესმა და რას შეუშალა ხელი პანდემიამ