პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, 82 ხმით, არცერთის წინააღმდეგ მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის განახლებული ვერსია არეგულირებს სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსს, სამუშაო, შესვენების და დასვენების დროს, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და პოზიტიური დისკრიმინაციის ცნებებს და ა.შ.
როგორც „მეტრონომს“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა განუცხადა, ამ ცვლილებებში ყველაზე დადებითი შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდაა, რომელსაც ექნება აღსრულების უფლება, სასამართლოს გარეშე.
„კანონპროექტში ბევრი რამაა გათვალისწინებულია და ცოტა შენიშვნა გვრჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, გამოვყოთ დღეში სამუშაო საათების რეგულირება, ამას კანონი არ განსაზღვრავს. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ სამუშაო დროის მაქსიმუმი დღეში 8 საათით განსაზღვრულიყო, კვირაში კი მაქსიმალურ სამუშაო დროდ, ზეგანაკვეთური მუშაობის ჩათვლით, 48 საათი დადგენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, არც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება დაკანონდა 125 %-ით.
ამასთანავე, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებად ისევ მარტო ერთჯერად დახმარებად რჩება. პირვანდელ ვერსიაში, დეკრეტული შვებულების საკითხი კარგად გამოიყურებოდა – მშობელს 80 პროცენტიანი ანაზღაურება უნდა აეღო. ეს ყველაფერი ამოიღეს და დარჩა 1000 ლარიანი დახმარება, თვეში 150 ლარი გამოდის. მთავარი გამოწვევა სწორედ აქაა. კერძო სექტორი კვლავ არაა ვალდებული აანაზღაუროს დეკრეტული შვებულება და განსხვავებული რეგულაცია მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეხებათ. თუ ადამაინს საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს, ამ რეჟიმში ექცევა. გარდა ამისა, პრობლემად რჩება მოკლევადიანი ხელშეკრულების, მინიმალური ხელფასის თემები… რაც შეეხება დადებითს, ცხადია, ბევრი დადებითია, მათ შორის, 24 საათიანი დასვენების დროის განსაზღვრა, შესვენების დროის რეგულირება, შრომის ინსპექციის მანდატი, რომელსაც ექნება აღსრულების უფლება, სასამართლოს გარეშე, ეს არის ყველაზე დადებითი“. – განაცხადა ლიპარტელიანმა.
რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტიდან ამოღებულია მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური სტანდარტის დაწესების, სამუშაო საათების მკაცრად ლიმიტირების და ერთზე მეტ სამუშაოზე მუშაობის აკრძალვის საკითხები, რაც, ცალსახად დადებითია, თუმცა რისკად დარჩა შრომის ინსპექციისთვის გაზრდილი მანდატი.
შეკითხვაზე, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას პრობლემად მხოლოდ ბიზნესისთვის მიიჩნევს, თუ დასაქმებულისთვისაც, ნანუაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შრომით ურთიერთობაზე შეიძლება დაწესებულებაში შევიდეს ინსპექტორი და შეამოწმოს, რაც მისი თქმით, არც დასაქმებულისთვისა კარგი.
„დასაქმებულისთვის კარგია, როცა მისი დავა დამსაქმებელთან გადაწყდება სწრაფად და ეფექტურად, შრომის ინსპექცია კი არ არის დავის გადამწყვეტი. საბოლოოდ, დასაქმებულისთვის კარგი იქნება მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, მეტი ფულის შემოსვლა და გამომუშავება, მიუხედავად იმისა, რა იქნება შრომის კოდექსში ან იარსებებს თუ არა კოდექსი საერთოდ“, – განაცხადა ნანუაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ზეგანაკვეთური სამუშაოს მხრივ, ცვლილებები არ არის და მანამდე არსებული რედაქციითაც, კანონი ავალდებულებდა დამსაქმებელს, რომ თუ დასაქმებულს შეთანხმდება ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, შეუთანხმდეს ანაზღაურების პრინციპზე, აუცილებლად, გაზრდილი ტარიფით.
„თუ მე, როგორც დამსაქმებელს მიხდით1 ლარს, ზეგანაკვეთურში უნდა გადამიხადოთ ლარზე მეტი. ცხადია, ზეგანაკვეთური სამუშაო უფლებაა და არა ვალდებულება. თუ შეუთანხმდება დამსაქმებელი დასაქმებულს სამუშაოზეც და პრინციპზეც, გაზრდილი ტარიფით, იქ სასამართლო ვეღარ ჩაერევა“, – გვითხრა ნიკა ნანუაშვილმა.
ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს კანონპროექტის ავტორს, დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელმაც „მეტრონომს“ უთხრა, რომ ორმხრივი – როგორც დასაქმებულთა, ისე დამსაქმებელთა ინტერესი იყო, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურება არ განსაზღვრულიყო 125%-ით.
„რეფორმის პირველ ვერსიაში, სამუშაო დროის კუთხით, იყო მაღალი სტანდარტი, 48 საათით განისაზღვრებოდა, ზეგანაკვეთურის ჩათვლით, სამუშაო საათები კვირაში, თუმცა ბიზნეს ასოციაციის სურვილი იყო, რომ შრომის ინსპექციის მანდატი ყოფილიყო მეტად შეზღუდული და არ დაკანონებულიყო ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-ით ანაზღაურება. მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ, ამ ორიდან სწორედ ეს დავთმეთ, მე კანონის ჩავარდნას, მერჩივნა ეს პატარა არა, მაგრამ კომპრომისი ყოფილიყო. ვფიქრობ, ზეგანაკვეთური საათების 125%-იანი ანაზღაურებით განსაზღვრა ბიზნესისთვისაც უკეთესი იქნებოდა, რადგან სასამართლო პრაქტიკა უკვე არსებობს – გასაჩივრებისას, 3 შემთხვევაში, სასამართლომ სხვადასხვა სტანდარტი დაადგინა- პირველმა 150%, მეორემ 125% და მესამემ 200 %. ახლა ბიზნესისთვისაც ორაზროვანი ჩანაწერი რჩება და დასაქმებულისთვისაც, რადგან სასამართლომ, შეიძლება, სხვადასხვა შედეგები მოგვცეს, თუმცა , სამწუხაროდ, ამ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია“, – გვითხრა ცქიტიშვილმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მან ჩვენთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება, სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსია.
„სტაჟიორი საერთოდ არ ფიგურირებდა აქამდე კოდექსში. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სტაჟირება. ჩვენ ვქმნით პრეცედენტს, რომ შეიძლება სტაჟირება იყოს აუნაზღაურებელი, მაგრამ წინასწარ უნდა იყოს გაწერილი, რა საქმე უნდა შეასრულოს სტაჟიორმა, გარკვეული ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტი უნდა დაიდოს, რათა მან იცოდეს, რა საქმიანობა უნდა აწარმოოს, ვთქვათ პირი აიყვანეს სტაჟიორად, როგორც იურისტი და მხოლოდ დოკუმენტების გამრავლება დაავალეს, ეს იკრძალება. მან უნდა იცოდეს თავისი ფუნქციები. რაც შეეხება ვადებს, აუნაზღაურებელი სტაჟირების ვადა განისაზღვრა 6 თვით, ანაზღაურებადი კი 1 წლამდე, თუმცა ანაზღაურებადი არ ნიშნავს სრულ ხელფასს, შეიძლება მცირე თანხები იყოს. ჩვენ რომ აგვეკრძალა უფასო სტაჟირება, შეიძლება ბევრი შესაძლებლობა მოგვეკლა, მაგრამ თვისობრივად არ გაგვეუმჯობესებინა მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ აკრძალული იქნება ხელფასიანი საშტატო ერთეულის ნაცვლად სტაჟიორის აყვანა, რათა არ გამოიყენონ მისი შრომა უფასოდ. აუცილებელია, რომ სტაჟიორი ანაზღაურებას თუ არა, პრაქტიკას იღებდეს“, – ამბობს პარლამენტის წევრი.
მისივე თქმით, ცალკე სიპად ყალიბდება შრმის ინსპექცია.
„ის იქნება დამოუკიდებელი, ინსპექტორს დანიშნავს მინისტრი, მაგრამ დამოუკიდებლად იმოქმედებს, სრული მანდატი ექნება, შეამოწმოს, როგორც უსაფრთხოება, ისე უფლებები და განახორციელოს სანქცირება – ეს მოხდება წინასწარი შეთანხმების გარეშე. გარდა ამისა, აიკრძალა ზედიზედ 2 ცვლაში მუშაობა, ღამით მუშაობის შემთხვევაში კი დამსაქმებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ღამის სამუშაოზე დასაქმებულისათვის წინასწარი და შემდგომ პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ამასთანავე შემოდის კოლექტიური მოლაპარაკების საკითხი, დასაქმებულებს დიალოგის რეჟიმით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
გარკვეული საკითხის განხილვისას, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, შერჩეულ დასაქმებულთან ჰქონდეს კომუნიკაცია, რათა გაფიცვამდე არ მივიდეს საქმე“.- განმარტა ცქიტიშვილმა, რომლის განცხადებითაც, დათმობაზე წასვლა მოუწიათ დეკრეტული შვებულების შემთხვევაშიც.
„გვსურდა 80 %-იანი ანაზღაურება ყოფილიყო 6 თვეზე, მაგრამ ეს გამოვიდა 25-დან 30 მილიონამდე და პანდემიის პირობებში, არ ჩაითვალა შესაძლებლად, თუმცა დეკრეტული შვებულებით სარგებლობა შეეძლება მამასაც, სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის მშობლებსაც, და შვილად ამყვან მშობელსაც. ამავე დროს, გამოყოფილია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულებები და ცხადია, პირველი ორით მამა ვერ ისარგებლებს, თუმცა ბავშვის მოვლის დროის გამოყენება ორივე მშობელს შეუძლია, რა თქმა უნდა, უპირატესი დედაა, მაგრამ შეიძლება ჩანაცვლება. სამწუხაროდ, ანაზღაურებად რჩება მხოლოდ 1000 ლარიანი დახმარება. ეს არის ყველაზე დიდი ნაკლოვანება, საჯარო სამსახურში უფრო მაღალი სტანდარტია, და კანონი დისკრიმინაციული გამოდის, რადგან დეკრეტული შვებულება საერთო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საშემოსავლო გადასახადს ორივე სექტორში დასაქმებულები ერთნაირად იხდიან, მაგრამ, რატომღაც, საჯარო სექტორში სრული ანაზღაურებაა და კერძოში მხოლოდ ეს დახმარება. ამის გასწორება გვინდოდა, დამატებით მიდის მუშაობა, ჯანდაცვის სამინისტროში და იმედია, მომდევნო წლისთვის იქნება სქემა, ყოველ შემთხვევაში ამის პოლიტიკური ნება არის“. – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
თამთა ქარქაშაძე