ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრული ცილისწამება და სიცრუეა” – დეკანოზი ჯაღმაიძე “მთავარ არხს” პასუხობს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“მთავარ არხს, პირადად ჩემთვის, მის ეთერში გამოუყვია საკმაოდ დიდი დრო, ფაქტია, არ მოწონთ ჩემი საქმიანობა და არც მიკვირს, რადგან, რაღა დასამალია და არც მე მომდის თვალში მათი ტყუილები და არც ვმალავ ამას.

სიუჟეტი ჩვეულ სტილში გააკეთეს, სრული ცილისწამება და სიცრუეა ყოველი სიტყვა, და როგორც სხვა დროს, არავითარი დასაბუთება: აქ არ დავიწყებ ყველა აბსურდული წვრილმანის განმარტებას, მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, მოსკოვში არასდროს მიცხოვრია, სამართალდამცავებს არასდროს ჰქონიათ ჩემთან შეკითხვები, არც საქართველოში და არც პეტერბურგში, მეუფე შიო გავიცანი არა ბავშვობაში, არამედ თბილისში დაბრუნების შემდეგ, მხოლოდ 2009 წელს და სხვა ყველაფერიც შესაბამისად ტყუილია ხსენებულ სიუჟეტში. არსებობს ვერსია: მიზეზი რატომაც მაინცდამაინც ეხლა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა შეუტიოს მთავარმა არხმა, შეიძლება, ეს დავით გარეჯის საკითხზე ჩემი კომენტარები იყოს. ეკლესიისათვის ეს საკითხი ზეპოლიტიკურია, მათთვის – პოლიტიკური.

ასევე შესაძლოა, შურისძიების მიზეზი ბოდბის მონასტერზე გაკეთებული მოდელირებული რეალობის მხილებაც იყოს, სადაც მონაზვნებს ასევე მკვლელობა დააბრალეს. არაფერი პირადული, ეს არის დაპირისპირება და ბრძოლა ეკლესიასთან” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისათვის, “მთავარ არხზე” გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, დეკანოზი 8 წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და საქართველოში 2001 წელს დაბრუნდა.

იტვირთბა....