რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტი არ დამტკიცებულა.
ლავროვის თქმით, ბერლინის ლინიკის ექიმებმა, ისევე როგორც მათმა რუსმა კოლეგებმა, ალექსეი ნავალნის სისხლში სამხედრო ხარისხის მომწამვლელი ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინეს,
ამასთან, როგორც ლავროვი აცხადებს, რუსეთს სიმართლის დადგენა სურს.
“ომსკის ექიმებმა ნავალნის სისხლში სამხედრო დონის ტოქსიკური ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ Charite-ის კლინიკაშიც ვერანაირი მომწამვლელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, ეს მხოლოდ ბუნდესვერის ლაბორატორიაში გააკეთეს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია ისიც, ფრანგებმა და შვედებმა თავად აიღეს ნიმუშები, თუ გერმანიამ გადასცა,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ცნობისათვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.
ნავალნი 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.
32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.