მთავარი პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილი: “ინაშვილს ვურჩევ, უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოს”

ირმა ინაშვილი: “ჩემს ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის”

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი და ირმა ინაშვილი ერთმანეთს მას შემდეგ  დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა თამარ ხიდაშელმა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დაამარცხა.  “მეტრონომი” ლევან ბერძენიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ “პოლიტიკაში, რესპუბლიკური პარტიის დამარხვის იდეა უნაყოფოა”. ამის შემდეგ, ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ინაშვილთთან დაკავშირება, მაგრამ იგი ტელეფონს გვითიშავდა. თუმცა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა.

მეტრონომი:  თქვენ  ირმა ინაშვილს მოუწოდეთ, რომ თქვენს პარტიას თავი დაანებოს….

ლევან ბერძენიშვილი: დიახ მეტი რა უნდა ვთქვა?! ვურჩევ, რომ პოლიტიკაში სხვა საქმეებიც არის, რესპუბლიკური პარტიის დამარხვის იდეა უნაყოფოა. ამიტომ ინაშვილს ვურჩევ, უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოს. ირმა ინაშვილი კიდე იბრძოლებს პოლიტიკაში წარმატებებიც ექნება და წარუმატებლობებიც ამას უნდა შეეგუოს.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ ინაშვილის გაღიზიანების მიზეზი ისაა, რომ თქვენმა კანდიდატმა იგი არჩევნებში დაამარცხა?

– დიახ, ჩვენმა კანდიდატმა არჩევნებში დაამარცხა. ამას აღიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და მალე აღიარებს საქართველოს პარლამენტი. ჩვენ მივიღებთ პარლამენტის ახალ წევრს.

– ინაშვილმა განაცხადა, რომ აქციების დაწყებას გეგმავს. რა კომენტარს გააკეთებთ?

– ყველას აქვს ნება წამოიწყოს აქცია. რაც უნდა ის ქნას, ეგ არ არის ჩვენი პრობლემა. პირადად მიმაჩნია, რომ ყველას შეუძლია შეარჩიოს ისეთი ფორმები, რომელიც მას მიაჩნია სწორად. უბრალოდ, არჩევნებში ჩვენ, რომ დავმარცხებულიყავით, აქციას არ მოვაწყობდით

 

პატრიოტთა ალიანსისლიდერი ირმა ინაშვილი ლევან ბერძენიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს,რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ისტერიკასა და აგონიაში მე კი, არა, თქვენ ხართ, ბატონო ლევან. ჯერ ჩემს ქვეყანას დაანებეთ თავი და მერე მე დაგანებებთ თავს, გპირდებით! smile emoticon და მთავარი- დაამშვიდეთ თქვენი კანდიდატიც, მთელმა საქართველომ იცის, რომ სამარცხვინოდ წააგო… მთელმა საქართველომ იცის, რომ გააყალბეთ ეს არჩევნები… გამოიყენეთ ივანიშვილიც, მთელი მთავრობაც, ჯარიც, აზერბაიჯანულ მოსახლეობას სისხლი გაუშრეთ… თორემ მე ბევრჯერ დავმარცხებულვარ და ამ დამარცხების აღიარება არ გამჭირვებია. მოგებულ ბრძოლას კი, არ დაგითმობთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ! ჩემს ქვეყანას თქვენნაირი ბებერი პოლიტიკური ცხოველები ჭამდნენ ყოველთვის და ამიტომაც ყოველგვარ ბრძოლას აზრი ეკარგება. მაშინაც კი, როცა გამარჯვებული ხარ… აი, ამის საშუალებას არ მოგცემთ… ქართველი ხალხისთვის ხმისა და არჩევანის წართმევის უფლებას არ მოგცემთ, თორემ მაგ პარლამენტში ყოფნა ჩემთვის რომ დიდი ტვირთი და სასჯელია, ეს წინასწარ ვიცოდი, პატარა ბავშვი არა ვარ (სტილი დაცულია).

იტვირთბა....