ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ვაშინგტონის ტონის შეცვლა წარუმატებლობის აღიარებას ნიშნავს მას შემდეგ, რაც მანამდე მათ ირანის მხრიდან „უპირობო დანებება“ მოითხოვეს.
„განა ამერიკელებმა არ თქვეს „უპირობო დანებება“? მაშ, რატომ საუბრობენ ისინი ახლა მოლაპარაკებებზე? ის ფაქტი, რომ ისინი ახლა მოლაპარაკებებზე საუბრობენ, ზუსტად დამარცხების აღიარებაა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აშშ-მ ბოლო დღეებში თეირანს არაერთი შეტყობინება გაუგზავნა „მეგობრული ქვეყნების“ მეშვეობით, თუმცა ეს კომუნიკაციები მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს.
„იმ ფაქტს, რომ შეტყობინებები იგზავნება და ჩვენ გაფრთხილებებით ვპასუხობთ ან ვაცხადებთ ჩვენს პოზიციებს, არ ჰქვია მოლაპარაკება ან დიალოგი; ეს არის შეტყობინებების გაცვლა. ამ შეტყობინებებში წამოიჭრა იდეები, რომლებიც გადაეცა უმაღლეს ხელისუფლებას და თუ პოზიციის დაკავება იქნება საჭირო, ისინი ამას გამოაცხადებენ“, – აღნიშნა არაღჩიმ.
მისივე თქმით, ირანის პოლიტიკა ამ ეტაპზე თავდაცვის გაგრძელებაა და მოლაპარკებების გამართვას არ გეგმავენ.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკების განზრახვა არ გვაქვს. ეს ისრაელის ომია და რეგიონის ხალხი და ამერიკელი ხალხი ამის ფასს იხდის“, – აღნიშნა არაღჩიმ.

