“აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი განადგურებულია”, – აღნიშნულ ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
განჯის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც საუბრობს. ასევე, აზეირბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხური მხარე ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.
ცნობისთვის, განჯა აზერბაიჯანის მეორე უდიდესი ქალაქია.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 3 ოქტომბერს ყარაბაღის რაიონში მდებარე რამდენიმე სოფლის დაკავების შესახებ განაცხადა “ტვიტერზე” გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.