„ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ მათი საარჩევნო სია პირობითია და პარლამენტში ადგილები გადანაწილდება იმის მიხედვით, მაჟორიტარობის რომელი კანდიდატი უკეთეს შედეგს დადებს და როგორი იქნება საზოგადობის მათდამი დამოკიდებულება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ხათუნა ლაგაზიძემ „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს პარტიისთვის ხმების მობილიზების თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანია, რადგან მაჟორიტარობის ნებისმიერი კანდიდატი ეცდება, თავის ოლქში აკრიფოს ხმათა მაქსიმუმი, იმისთვის, რომ თუნდაც ოლქი ვერ მოიგოს, სიაში მაღლა აიწიოს და ამ გზით შევიდეს პარლამენტში.
„ეს მოტივაციაა მათთვისაც, ვინც თუნდაც გამოკითხვებით იცის, რომ ოლქს ვერ მოიგებს, მაგრამ იზრუნებს, სიით მაინც შეძლოს გასვლა. ამდებად, ის არა მარტო მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებს წარმატებისთვის, ის საკუთარი თანაგუნდელის კონკურენტიც გამოდის, სხვა ოლქებში“, – ამბობს ანალიტიკოსი.
„მეტრონომის“ შეკითხვაზე, რა ნაბიჯებს შეიძლება ითვალისწინებდეს „ევროპული საქართველოს“ გეგმა, პარლამენტში შემსვლელი პოლიტიკოსების სიის შესაცვლელად, ხათუნა ლაგაზიძემ უპასუხა, რომ ამას ტექნიკურად როგორ მოაგვარებენ, მათი პრობლემაა, თუმცა როგორც ჩანს, მათ შორის რაღაც ტიპის მოლაპარაკება არსებობს და ეს არ არის კლასიკური პრეფერენცია.
„ცხადია, ყველა ლიდერი გააკეთებს მაქსიმუმს, რათა იყოს მოთხოვნადი და რაც შეიძლება მეტი ხმა მოუტანოს პარტიას. ალბათ, გათვალისწინებული იქნება სხვა კრიტერიუმებიც – წლების განმავლობაში პარტიის წინსვლაში შეტანილი წვლილი და ა.შ. თუმცა, სიაში ადგილების საბოლოო განაწილებისას, გადამწყვეტი, როგორც ითქვა, სოწრედ მაჟორიტარულ ოლქებში დადებული შედეგი გახდება. აღსანიშნავია, რომ სიაში ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც არ არის მაჟორიტარობის კანდიდატი.
ფაქტია, ეს საქართველოს საარჩევნო პრაქტიკისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯია, მსოფლიოს ბევრ ქვეყაანაშია აპრობირებული პრეფერენციული სისტემა – როცა პროპორციული არჩევნებისას სია პირობითია და ამომრჩეველი სასურველი პარტიის სიაში რომელიმე კანდიდატსაც აძლევს ხმას რაც ავტომატურად, ხმის პარტიისთვის მიცემასაც გულისხმობს. ქარის ისეთი სისტემებიც, როცა ამომრჩეველს რამდენიმე ხმა აქვს და შეუძლია ეს ხმები სხვადასხვა პარტიების პოლიტიკოსებზე გადაანაწილოს. ზოგადად, ხმის მიცემის პრეფერენციული პრინციპი ხელს უწყობს ქვეყანაში ლიდერების წარმოქმნას და ბევრი თანაბარი წონის და მაღალი კვალიფიკაციის პოლიტიკოსის გაჩენას, რაც ასე აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან შენს პარლამენტში მოხვედრას განსაზღვრავს არა ლიდერი, არამედ ამომრჩეველი და ამიტომაც, სწორება გაქვს არა მორჩილებაზე ლიდერის მიმართ, არამედ – ანგარიშვალდებულებაზე საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლის პროგნოზითაც, დღეს თუ შიდა მოლაპარაკება სჭირდება „ევროპულ საქართველოს“, ხვალ და ზეგ თუ სხვა პარტიებიც გაიზიარებენ მათ მიდგომას და ეს ცვლილება კონსტიტუციის დონეზე აისახება, ეს იქნება იდეალური რამ ქვეყნისთვის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია და მისასალმებელია „გირჩის“ მიდგომაც სიების დაკომპლექტების მიმართ. მათ ჰქონდათ შიდა პრაიმერი, როცა პარტიის წევრები წყვეტენ მათი ლიდერებიდან ვინ უნდა იყოს სიის თავში და ვინ – არა და ერთი კონკრეტული ლიდერის ხუშტურზე არ არის დამოკიდებული საარჩევნო სიის ბედი. ესეც კარგი მოდელია საარჩევნო სიის შედგენის, მაგრამ ჩემთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის, საუკეთესოა, როცა ამა თუ იმ პოლიტიკოსის სიის სათავეში და შესაბამისად, პარლამენტში ყოფნის ბედს პრეფერენციის გზით ამომრჩეველი განსაზღვრავს. ეს არის რეალური დემოკრატია, თუმცა, ამისთვის კანონმდებლობის ცვლილება და მომავალი პარლამენტის ნება იქნება საჭირო. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს, „გირჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ არჩეული საარჩევნო სიების დაკომპლექტების გზა საუკეთესოა. აქვე მინდა აღვნიშნო „ლელოს“ საარჩევნო სიაც, სადაც ყველაზე უკეთ არის ნაპოვნი ბალანსი პოლიტიკაში ძველ და ახალ სახეებს შორის. კარგია, როდესაც ლიდერები არ ერიდებიან, ახალ სახეებს ფართოდ გაუხსნან გზა“, – დასძინა ანალიტიკოსმა.
თამთა ქარქაშაძე