“ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი დამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სწრაფ იზოლაციას ექვემდებარება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნება.
„ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოვლეგარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ვირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.