დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას, ოპოზიციურ სპექტრში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებენ. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სიმართლე უნდა დადგინეს, ამისათვის კი, გამოძიების დაწყება აუცილებელი იყო. კერძოდ გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს გულისხმობს.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თვლის, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ხელისუფლების მხრიდან არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. როგორც ის აცხადებს, ტყუილია, რომ გარეჯი „ვიღაცამ ვიღაცას გადასცა”.
თუ რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი, “მეტრონომთან” რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულები დაიწეროს და ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას გადააბრალოს.
“დემარკაციის პროცესი გრძელდება და უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს დავით გარეჯში ქრონიკულად გადაუჭრელი პრობლემაა, თურმე ყოფილა წინა ხელისუფლების ბრალი, როდესაც სტატუსქვო შენარჩუნებული იყო და მუშაობა მიდიოდა დელიმიტაციის მიმართულებით. საუბარი იყო, რომ დავით გარეჯის კომპლექსი ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში და შეთავაზებული იყო ალტერნატიული წინადადება ტერიტორიის გაცვლასთან დაკავშირებით, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში. მოვიდა ეს ხელისუფლება, ვითარება გააუარესა. სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ გააფუჭა ყველაფერი.
თემა ერთი მხრივ წინა ხელისუფლების გაშავებისკენ არის მიმართული, მეორე მხრივ – სერიოზულად აფუჭებს დავით გარეჯის პრობლემის მოგვარებას და უფრო აღრმავებს შექმნილ კრიზისს. მთავრობა აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებულ საქმეს” – განაცხადა გოცირიძემ “მეტრონომთან.”
“ქართული ოცნების” წევრის, რევაზ არველაძის შეფასებით, რეალურად გამოძიებამ უნდა დაადგინოს სიმართლე და ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არ არის.
“როდესაც გამოძიება იწყება, უნდა იყოს კონფიდენციალური. სადაც კანონის დარღევევაა, გამოძიების დაწყებაში ანტისახელმწიფოებრივი არაფერია. უნდა იქნას გამოძებული და დადგენილი ყველაფერი” თქვა არველაძემ.
“მეტრონომის” კითხვაზე, ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, ეს იმოქმედებს თუ არა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე, აღნიშნა, რომ “არამგონია ამან იმოქმედოს რამენაირად.”
ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, დავით გარეჯის ტერიტორიების გასხვიხება მას დააბრალონ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
თამარ შუკვანი