რა ფორმატში გააგრძელებს “რუსთავი-2” მაუწყებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი-2”-ის მუშაობაში დიდი ცვლილებების მიზეზი ვერ გახდება:
„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან მალე გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლო სისტემისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის ეს /საქალაქო სასამართლოს/ გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა უკვე არა სპეკულატიური, არამედ მყარი და ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია – სამართლიანი მართლმსაჯულება ერთი ზონდერ-მოსამართლის ხელით დასრულდა და “რუსთავი-2” დარჩა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე.
ლეგიტიმური კითხვაა, ტყუილად იყვნენ თუ არა ჩვენი ადვოკატები პროცესზე წარმოდგენილი? მე მაინც ვფიქრობ, რომ არა. მათ /ადვოკატებმა/ გააკეთეს ყველაფერი, რომ დეტალურად აღინუსხოს, თუ რა ხდებოდა “რუსთავი 2″-ის პროცესზე. სულ რომ მართალი იყოს ქიბარ ხალვაში, მისი პოზიცია იმდენად სუსტად იყო დაცული როგორც სასარჩელო მოთხოვნით, ასევე, პროცესზე წარმოდგენილი ადვოკატების მიერ, რომ შეჯიბრებითობის პრინციპით ისინი მაინც ვერ გაიმარჯვებდნენ. შესაბამისად, რას დაასაბუთებს მოსამართლე ურთმელიძე, ძალიან საინტერესოა, ახლა უკვე ჩვენი დროა და ჩვენ ველოდებით ამას”, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ „სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავი გადაირჩინოს და ეს სააპელაციო სასამართლოს ხელით გააკეთოს“.