ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები” – ხვიჩა მღებრიშვილი

“ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები”, – ამის შესახებ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებიდან გათავისუფლებულმა, ხვიჩა მღებრიშვილმა დღეს გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

ასევე, როგორც მღებრიშვილმა მედიასთან აღნიშნა, ცხინვალის ციხეში ყოფნისას ქართველ პატიმრებსაც შეხვდა, რომლებიც კარგად არიან და გათავისუფლებას ელოდებიან.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები. ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“, – განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 86 დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლეს. ის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დარღვევის ბრალდებით ცხინვალის ციხეში მიმდინარე წლის 3 ივლისიდან იმყოფებოდა.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ღამურები იყო. მათივე მტკიცებით, ის დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.

“გაძლიერებული ინტერესი სამხრეთოსური ღამურებისადმი, 2012 წლიდან მოყოლებული, გამოხატული აქვს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ – აღნიშნული იყო დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში.

იტვირთბა....