ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის განათლბის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი უფლებამოსილების ვადის ამოწურვაა.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აჭარაში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს აჭარის განათლების მინისტრი ნიშნავს.

„მას შეუძლია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ არ დაინიშნება არჩევნები და წარუდგენენ დირექტორობის კანდიდატს სამეურვეო საბჭოს. არჩევნების თარიღს კი საქართველოს განათლების სამინისტრო ადგენს“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ისევ ყოფილი დირექტორები წარადგინეს.

ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ და მე-13 სკოლის დირექტორმა დათო ჩხაიძემ. სხვებს კი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მედიასაშუალება წერს, რომ უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ ბათუმის პირველ, მე-13, მე-18, 23-ე, 26-ე და 29-ე სკოლის დირექტორებს.

 

 

 

იტვირთბა....