ახალი ამბები მთავარი

გიგი უგულავა ციხიდან წერილს წერს

ისტორია ივანიშვილს აუცილებლად კიტოვანის გვერდით დააყენებს

არც ივანიშვილს და არც არავის ამ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმე ურთმელიძეს ,,პივის ჩეკივითსასამართლო განჩინებას გამოაწერინებს და მერე იავარდით მოფენილი ჩააბარებენ ტელევიზიის გასაღებს დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება,მეტრონომიუგულავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ;

“ის, რომ ივანიშვილი დგას ამ ჩანაწერების გავრცელების უკან, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე – ვიყოთ ობიექტურები – კერძო საუბრის ჩანაწერის შინაარსის მოსმენა (ავთენტური თუ არაავთენტური) არასასიამოვნოა.
მაგრამ შეგრძნებების იქით – მნიშვნელოვანია არ მოხდეს მთავარი საკითხის გადაფარვა, ხოლო მთავარი, დღეს არის “რუსთავი 2”-ის ძალადობით წართმევა და სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვა. მე და სააკაშვილს ბევრი გვიკამათია ივანიშვილის შესახებ, თუ რაზე და სადამდეა ეს ადამიანი წამსვლელი. ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვიცანი ივანიშვილის სურვილი. მის მიერ შერჩეული საპრეზიდენტო და მერობის კანდიდატი. სამაგიეროდ, სააკაშვილმა პრაქტიკულად დღეების დონეზე სიზუსტით გამოიცნო ივანიშვილის ყველა ძალადობრივი ქმედება – ვის როდის დაიჭერდა, ვის როდის დააწიოკებდა და ვის რას დააბრალებდა. სააკაშვილმა ორაკულის სიზუსტით მითხრა, რომ 23 საათში შეგაბრუნებს ივანიშვილი ციხეშიო. ასეც მოხდა.
ამიტომ ეს ჩანაწერები საზოგადოებისათვის სხვა კუთხით არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, წავა თუ არა ივანიშვილი “რუსთავი 2”- ის ხელში ჩასაგდებად ძალადობაზე, გამოიყენებს თუ არა სპეციალური დანიშნულების რაზმს. ანუ მარტივად გაისვრის თუ არა ივანიშვილი?! ესაა მთავარი შეკითხვა და არა ასეთ ვითარებაში როგორ დაიცავს ხალხი, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, თუნდაც ჟურნალისტები, ყოფილი სპეცნაზელები, თუ უბრალოდ მოქალაქეები სიტყვისა და საკუთრების უფლებას.
ამ ჩანაწერებმა 1991-92 წლების საქართველო გამახსენა. მაშინაც კიტოვანმა მიაყენა უზენაეს საბჭოს ტანკები, ესროლა, მიიღო საპასუხო ცეცხლი, შემდეგ მოძალადედ გამსახურდია გამოცხადდა და მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ არავის გაუმახვილებია ყურადღება, რომ პირველი კიტოვანმა გაისროლა. ზოგადად, როცა სროლაა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო პირველი.
დღესაც მთავარი საკითხია, ისვრის თუ არა ივანიშვილი, სწორედ იმ გათვლით, რომ მერე სისხლისღვრა სხვას დააბრალოს. ამ კუთხით იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები სწორედ მთავრობის ძალადობის პრევენციას მოახდენს. თუ რამე პოზიტივის დანახვა შეიძლება ამ მარაზმში, სწორედ ისაა, რომ ივანიშვილი ამ ჩანაწერების მერე აღარ გაისვრის, რადგან იცის რომ წინააღმდეგობა შეხვდება.
საქართველოს 25-წლიან ამბებს ტელევიზიების წართმევის თუ დარბევის – მრავალფეროვანი ისტორია აქვს. თბილისის ანძის დაწვიდან დაწყებული, გამოგონილი დეიდაშვილების მიერ სასამართლოს საშუალებით წართმევების – მთელი საგა არსებობს. ამ ისტორიებში ერთია საერთო – ყველა შემთხვევაში, წართმევას ძალის გამოყენება უწევდა. ამიტომ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, არც ივანიშვილის და არც არავის ამ ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმე ურთმელიძეს “პივის ჩეკივით” სასამართლო განჩინებას გამოაწერინებს და მერე იავარდით მოფენილი ჩააბარებენ ტელევიზიის გასაღებს.
უნდა გვესმოდეს, რომ ამ სასამართლოს გადაწყვიტილების ლეგიტიმურობა ნულის ტოლია და ტელევიზიის დაპყრობა ივანიშვილს ფიზიკურად მოუწევს. ესაა ჩვენი ისტორიული გამოცდილება. მსოფლიოში არსებული ყველა ერის ენა, ამ ერის მენტალური საუნჯეა, ყველა ენას აქვს გამოთქმა: “ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე” – უკლებლივ ყველას. რაც მთავარია, ეს სიტყვები არასდროს გამოიყენება თავდასხმის დროს. ამ სულისკვეთებას ადამიანი, ერი თავდაცვის დროს გამოხატავს, როცა ადამიანი თავისუფლებას, საკუთრებას და ოჯახს იცავს, იცავს და არა თავს ესხმის.
ეს უნდა ესმოდეს ივანიშვილს! მან შესაძლოა დღეს ძალით ეს ორთაბრძოლა მოიგოს, მაგრამ ისტორია მას აუცილებლად კიტოვანის გვერდით დააყენებს!

P.S. ეს დაწერილი მქონდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ამბავი გავიგე! გილოცავთ ყველას!” – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

რაც შეეხება, ვიდეო ჩანაწერებს,უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო  ჩანაწერები. ჩანაწერების  მიხედვით, სააკაშვილი მათ “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით  ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციის სცენარს სთავაზობს.

 

 

იტვირთბა....