საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთო სიის დაკომპლექტება “ევროპულ საქართველოს” ცალკე შესთავაზეს, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი მიიღო. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა “TV პირველის” კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ამისა, საერთო სიის იდეა შესთავაზა ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, თუმცა მათგანაც უარი მიიღო.
“მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე. მეორე იყო ჩვენი შეთავაზება ევროპულ საქართველოსთან, რომ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც მათ მიერ იქნა უარყოფილი. ახლა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად” – აცხადებს სააკაშვილი.
მანამდე, “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა განცხადება და პარტიაში სიცრუეს უწოდებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მათ შესთავაზა საერთო პარტიული სია მასში პარტიული კვოტებით და თანამდებობებით, და რომ თითქოს მიდიოდა ფარული მოლაპარაკებები. მათი თქმით, საერთო სიის იდეა თავიდანვე უარყვეს საჯაროდ, რადგან ერთიანი სიის გაკეთება იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაბნევა და შემცირება და არა მობილიზება და გაზრდა.
ივნისში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველა ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ერთიანობის “ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა.”