საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.
„სამწუხაროდ, დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 80 წლის ქალი და 67 წლის მამაკაცი არიან.