თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან გადაცემა “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა. როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიება ცდილობს მისი საქმიდან “ჩამოშორებას”, რადგან, რამიშვილის მტკიცებით, ის საგამოძიებო უწყებისთვის ხელისშემშლელი ფიგურაა.
“ცდილობენ საქმეს ჩამომაშორონ და პასუხისგებაში მიმცენ. მე და ჩემი კოლეგა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაგვკითხონ. ტელეფონი ჩამომართვეს, უნდათ რომ მთელი ინფორმაცია შეამოწმონ. ყველანაირად უნდათ, რომ ამ ფოტოსურათზე ააგონ მთელი გამოძიება. რისი დამტკიცება უნდათ? თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაყალბებული აქვთ თვითონ…
ჩრდილოეთ კორეა ხომ არ ჰგონიათ ეს საქართველო?! მიმცენ პასუხისგებაში, ვერაფერს ვერ დამიმტკიცებენ. რა უნდათ რომ დამაბრალონ – რომ მე გავაყალბე?! თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. თუ არ გამოუვიდათ ჩემი სამართლებრივი მოშორება, შეიძლება სიცოცხლეც წამართვან. ყველა ელჩთან მივალ და დეტალურად გავაცნობ ყველაფერს, როგორი “დემოკრატია” გვაქვს ქვეყანაში” – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.