თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მიერ გამოკითხული დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება ეჭვს ბადებს და პროგრამისტის გარდაცვალება უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა.
როგორც ფუცხვანიძემ მედიასთან განაცხადა, სასამართლოზე, გამოკითხვის დროს მოსამართლეს სატელიტური ფოტოების მიმწოდებლის ვინაობა უთხრა, რომელიც მან შემდგომში ადვიკატ, მიხეილ რამიშვილს გადასცა.
„დავასახელე გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.