ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება.
ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროსაც.
აღსანიშნავია, რომ პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.
დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება.