კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარის რეგიონში გამოვლინდა, 30 დადასტურებული შემთხვევა კი თბილისში. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 კრიტიკულად მძიმე და 70-ზე მეტი მძიმე პაციენტი მკურნალობს.
„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში გვაქვს 3306 დადასტურებული შემთხვევა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდა 116 ინფიცირებული აჭარის რეგიონზე მოდის”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 116 აჭარის რეგიონს უკავშირდება. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3306-ს აღემატება. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1481-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.