ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა” – ბაჩალიაშვილის ჩანაწერი

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უჩვენეს ვიდეო კადრები და მოასმენინეს აუდიო ჩანაწერები, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა პროგრამისტი გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე საუბრობს თვითმკვლელობის სურვილზე.

ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაიას თქმით, ვიდეოში გამოიკვეთა თამარის ნეგატიური ემოციური ფონი, რომელიც მის ვიზუალს, სასიყვარულო ისტორიას, სამსახურსა და განათლებას უკავშირდება:

„მედიის წარმომადგენლებს გვაჩვენეს ხუთი ვიდეო, უფრო სწორად რომ დავაკონკრეტო, ორ ვიდეოში ბაჩალიაშვილი თავად ჩანს და დანარჩენ სამ ჩანაწერში ისმოდა მხოლოდ ხმა. პირდაპირ ვიტყვი – ეს იყო საკმაოდ მძმე მოსასმენი. ვიდეოში, სადაც თავადაც ჩანდა თამარი, საუბრობდა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო რთული, ჰქონდა პრობლემები სამსახურში, უნივერსიტეტში, არ იყო კმაყოფილი მისი სწავლით, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარიზში ვეღარ გააგრძელებდა სწავლას და ეს მისთვის იყო ძალიან რთული. მას ასევე არ მოსწონდა საკუთარი თავი, არ აკმაყოფილებდა თავისი ვიზუალი და ადვოკატმაც აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილი გასახდომ აბებს ღებულობდა. ვიდეოში საკუთარ თავს ესაუბრება – სექტემბრამდე გაძლევ, თამარ, დროს, რომ გახდე, ეცადე, რომ დამშვიდდე, არავის მიაქციო ყურადღება, მაქსიმალურად თბილი იყო ადამიანების მიმართ, კონფლიქტში არავისთან შეხვიდე, იმიტომ, რომ შენ ხარ საუკეთესო. ასევე მძიმე იყო აუდიოჩანაწერების მოსმენა, რომელშიც საუბრობდა სამსახურეობრივ გარემოებებზე, ნიკა გეჯაძეზე, რომელიც კომპანია „ზეგ“-ში იყო მენეჯერი და გახლდათ თამარის უშუალო უფროსი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა, თამარს ჰქონდა სიმპათია ნიკას მიმართ. ეს ურთიერთობა შემდგომ აღარ გაგრძელდა, სავარაუდოდ, რადგან თამარი ჩანაწერში ამბობს, რომ აღარ უნდა მოიქცეს ნიკასთან მიმართებაში ისე, როგორც მოიქცა, რადგან ის არის მისი უფროსი და ყველასთან იქცევა ისე, როგორც ეს უფროსს ევალება, ამიტომ მან ეს ყურადღება ზედმეტად არ უნდა ჩათვალოს. თამარმა ასევე გაიხსენა ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც თანამშრომლებთან ერთად იყო წასული სამსახურის შემდეგ, აღნიშნა, რომ ისინი არ მოექცნენ კარგად და ამის გამო გაბრაზებული იყო.

ყველაზე მძიმე მოსასმენი რაც იყო ამ ჩანაწერებში, არის ის, რომ თამარი საუბრობდა თავის მოკვლაზე და ყველა ხერხი იცოდა ამისთვის, თუმცა ერიდებოდა და ეშინოდა დედამისისა და მამამისის, ყველაზე მეტად კი მის ძმას უფრთხილდებოდა, ეცოდებოდა მისი ოჯახის წევრები. ერთ-ერთი ასეთი ფრაზა იყო ვიდეოში – არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა. ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა თვითმკვლელობა თავიდან აეცილებინა, მაგრამ თუ ამას მაინც იზამდა, ის წინასწარ უხდიდა ოჯახს ბოდიშს”, – განაცხადა ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

იტვირთბა....