ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ვხედავთ არა კორონა, არამედ ნდობის კრიზისს, ეს ღრმად პოლიტიკური საკითხია 

„ყველაზე მეტად მაშინებს მთავრობებისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა ადამიანების მიმართ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერეშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მისი შეფასებით, კორონაკრიზისი ღრმად პოლიტიკური საკითხია.

კორონა და მეცნიერების დიქტატურა

(რატომაა კორონაკრიზისი ღრმად პოლიტიკური საკითხი)

ნებისმიერი სახის ფუნდამენტალიზმის შემდეგ (იქნება ეს იდეოლოგიური თუ რელიგიური), როდესაც ადამიანები უკრიტიკოდ იღებენ თავიანთი ჯგუფის შიგნით არსებულ შეხედულებებს, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მეცნიერების დიქტატურაა.

წინასწარ განვმარტავ:

– როგორც განმანათლებლობის ეპოქის გადმონაშთს, ღრმად მწამს თავისუფალ გარემოში მოქმედი ადამიანის გონების ძალის და, შესაბამისად, ურთიერთშემოწმებაზე დაფუძნებული სამეცნიერო აზრის;

– SARS-COV-2 არსებობს და ის სახიფათოა.

რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის მთავრობებისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა ადამიანების მიმართ, რომ თუ არა ძალდატანება, თუ არა იძულება, თუ არა საყოველთაო და მკაცრი შეზღუდვა, ადამიანები არარაციონალურად, უგონოდ, საკუთარი თავისა და ახლობლების საზიანოდ მოიქცევიან.

მთავრობების, პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არახალია. რაც შეიძლება არ იცოდეს ფართო საზოგადოებამ, არის მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ ცხვირის აბზუებითა და სათვალის ზემოდან “ბნელ მასაზე” ყურება. ეპიდემიით შეშინებული “ელიტაც” გულწრფელად უერთდება ასეთ პოლიტიკოსებსა და მეცნიერების ამ საჯაროდ არგაცხადებულ სულისკვეთებაში.

ხალხისთვის ცხადად ახსნის ნაცვლად (როგორც ეს შვედმა ეპიდემიოლოგებმა გააკეთა), რა ტიპის საფრთხეა ახალი კორონავირუსი და რამდენად საჭიროა საზოაგდოების წევრების უერთიერთთანამშრომლობა მასთან მარათონული ბრძოლის გასაძლებად (ამას ვუწოდე ჯერ კიდევ თებერვალში ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა), მთავრობებმა და მეცნიერებმა მარტივი გზა მოძებნეს: ჩაკეტვა.

მიდგომებს, რომლებიც პანდემიის პირობებში მთავრობებმა აირჩიეს, არ აქვთ 100%-იანად მყარი სამეცნიერო დასაბუთება. ყველა მიდგომის სათავე პოლიტიკურია.

ან გჯერა ადამიანების გონიერების და მიდიხარ მოქალაქეებისთვის ყველაფრის ახსნის, ინფორმაციის საჯაროდ მიწოდების, ნდობასა და ურთოერთთანამშრომლობაზე გათვლილი პოლიტიკის გზით და გრძელვადიანად უძლებ კრიზისს, ან არ გჯერა ადამიანების გონიერების და მიდიხარ ადამიანების გამოკეტვის და შეზღუდვის გზით, რომელზეც, თუ ჩინეთი არ ხარ, ასეთი რეპრესიის რესურსი (ფსიქოლოგიური და ფინანსური) გეწურება და გეწყება უფრო ღრმა კრიზისი.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არა კორონა, არამედ სინამდვილეში ნდობის კრიზისია. ამიტომაა იგი, ღრმად პოლიტიკური საკითხი“. – წერს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, მსოფლიოში ახალმა კორონავირუსმა 30 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა. ის 11 მარტს Who-მ პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....