“ეკონომიკის მინისტრის განცხადება, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია, ცინიკური და არაადეკვატურია”, – ამის გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ ნათია თურნავას განცხადებას.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გადაგორების მიზნით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებს ახარჯვინებს და ქვეყნის წინაშე დანაშაულს სჩადის.
“ნათუია თურნავას განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება და „ქართული ოცების“ გუნდის პირობებშიც კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მეტიც, ცინიკური და არაადეკვატურია.
ეკონომიკის სამინისტრომ განგვიცხადა, რომ ლარის კურსის მერყეობა არის ჯანსაღი პროცესი და მას რეანიმაცია არ სჭირდება. ეკონომიკის მინისტრს უნდა ესმდეს, რომ ლარის კურსის მერყეობას აქვს როგორც დადებთი, ისე უარყოფითი დინამიკა და ამ შემთხვევაში ჩვენი ვალუტა მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით მიდის. ამ ფონზე ხელისუფლება არჩევნების გადაგორების მიზნით, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებს ახარჯვინებს და ქვეყნის წინაშე დანაშაულს სჩადის.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნათია თურნავა იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ლარს რეანიმაცია არ სჭირდება და მისი გაუფასურება ჯანსაღი პროცესია. რეალურად, ეს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ გაღარიბებას იწვევს”. – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.