პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნაცების ამომრჩეველი არ ვარ, არც ევროსაქების, მითუმეტეს ქოცების. ასე იმათთვის ვიწყებ ამ ბლოგის წერას, ვინც ტვინი უნდა წამიღოს მერე სოციალურ ქსელში, რომ „ნაცმოძრაობის“ გაქანებული კლასტერი ვარ. არ შეწუხდეთ!
იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანებმა ისწავლონ განსხვავებული აზრის მოსმენა-წაკითხვა. ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი და მეტი არაფერი.
სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი, ანუ სათაურში გატანილ აზრს ავხსნი, დავიწყებ ლარის კურსით. იმედი მაქვს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვდება, რომ ლარის ასეთი გაქცევა არსებული ხელისუფლების მმართველობის კრახია. თან გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე ეროვნული ვალუტის კურსს კბილებით აჩერებენ. ნოემბრიდან ინფლაცია გარანტირებულია. ამას სხვათა შორის, სპეციალისტებიც ვარაუდობენ. ბიუჯეტი როგორ უნდა შეივსოს მომავალში? გაჩერებულია ყველაფერი – ტურიზმი, ბიზნესი… ინვესტიციებზე არაფერს ვიტყვი, არც დროს დავკარგავ და თან არასერიოზულად გამომივა. ასეთია „ოცნების“ მართვის შედეგი.
მართლა მაგრად მაინტერესებს, სხვა რა სურათი უნდა დაიდოს, რომ რაც არ უნდა ერთი ტომარა ფქვილი, ან კარტოფილი დამიგდონ კარებთან, საარჩევნო ყუთთან სავალუტო ჯიხურებთან გამოკრული ციფერბლატი არ გამახსენდეს.
ჩემი აზრით, 2003-2007 წლები საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის ყველაზე პროგრესული პერიოდი იყო. არ დავიწყებ დეტალურად ახსნას. მცირე ობიექტური აზროვნების უნარი ვისაც აქვს მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
აი, 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო ნამდვილი კატასტროფა და ეს ზუსტად ის პერიოდია, რაც დღეს შიშის განცდას აჩენს მოსახლეობაში, რომ „მიშას რეჟიმის“ რეინკარნაცია დააბრუნებს დიქტატურას, ბიზნესის რეკეტს და ცოცხებს პენიტენციურ სისტემაში. ამ შიშს აქვს არსებობის უფლება.
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ მე არ ვაძლევ ხმას „ნაცმოძრაობას“ და „ევროსაქებს“, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, ღირს თუ არა რისკად ხელისუფლებაში დაბრუნდეს 2003-2007 წლის პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი. უფრო სწორად, იმ პოლიტიკური გუნდის რაღაც დოზით შეცვლილი ნაწილი. „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ, რომელსაც ოპოზიციიდან ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს და არა – „ევროსაქებს“.
სკეპტიკოსების სიამოვნებისთვის ვიტყვი – გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ მომავალ 4 წელიწადში „ქართული ოცნებით“ გარისკვას, ისევ პროგრესზე ნაცადი პოლიტიკური გუნდით რისკი მირჩევნია, რომელსაც უფრო ძლიერი ოპონენტები ეყოლება, ვიდრე მას ჰყავდა 2007-2012 წლებში. ოპონენტებში ვგულისხმობ იგივე გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, გივი თარგამაძეს, რომლებიც მაშინ ხელისუფლების მმართველ ელიტას წარმოადგენდნენ, დღეს კი, რაც არ უნდა მოხდეს, ძალაუფლებას ძველი დოზებით ვერ დაიბრუნებენ. ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი პერსონები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისევ „მმართველობის ძველ ნავში“ აღმოჩნდებიან, სხვა ბლოგი წაიკითხონ, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ სამხედრო ნეიტრალიტეტზე, უფრო დააინტერესებთ…
ასე რომ, რისკი ნამდვილად ღირს თუგინდ იმიტომაც, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ მონიტორინგის წარმოების სურვილი, ძალა და ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა აშკარად გაზრდილია. სახელისუფლო შტოების უნარიანი კონტროლის ზრდა ამცირებს იმ რისკს, რომელიც პირადად მე მაფიქრებინებს, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ის იყო მისი მმართველობის ბოლო წლებში. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ მათ განსხვავებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მოუწევთ მართვა.
მე მინდა პროგრესი, შენება, ოღონდ მხოლოდ 2003-2007 წლების მსგავსი. თუკი დღეს, ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს (უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს შანსი ძალიან მცირეა), ვთვლი, რომ უარესით, ანუ სიცარიელით გარისკვას, იმ ცუდით გარისკვა მირჩევნია, რომელიც უკვე ნაცადი მყავს. მითუმეტეს ვხედავ, რომ მისი „სიბოროტის კოეფიციენტი“ დაეცემა ადეკვატური ძლიერი ოპონენტებისა და საზოგადოებაში ამაღლებული პასუხისმგებლობის გრძნობის წყალობით.
და ბოლოს, ამ ბლოგის მკითხველი ალბათ მკითხავს, თუკი ასეთი განწყობა მაქვს „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რატომ არ ვარ მათი ამომრჩეველი. მარტივია – მე შეიძლება მომწონდა მათი მენეჯმენტი, მაგრამ მქონდა და მაქვს მათგან განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია/მსოფლმხედველობა, რომელსაც არასოდეს ვღალატობ და ამის გამო ხმას ვაძლევ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც შესაძლოა, პარლამენტში ფრაქციაც კი ვერ შექმნას. უფრო კარგად რომ ავხსნა, მაგალითად, მე ვუსმენ ისეთ მუსიკას და ისეთ ჯგუფს, რომელიც საკონცერტო დარბაზებს ვერ ავსებს, მაგრამ მისი შემოქმედება სულში მიძვრება და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
გენო ჯოხიძე