“მნიშვნელოვანია, მთავრობებმა, სამეცნიერო ინსტიტუტებმა ნაბიჯი უკან გადადგან, გადახედონ მტკიცებულებებს და მიაწოდონ ყოვლისმომცველი, მარტივად გასაგები ინფორმაცია, რათა ადამიანებმა შესაბამისი ქმედებების განხორციელება შეძლონ. გასაგებია დაბნეულობა, გასაგებია მათი შფოთვა და შიშები. არ არის საჭირო ამაზე სიცილი და ამის პოლიტიკურ ფეხბურთად გადაქცევა.”
მაიკ რაიანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ამ განცხადებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, რობერტ რედფილდმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ისგან დასაცავად პირბადე შესაძლოა, ვაქცინაზე უფრო ეფექტიანი იყოს. მოგვიანებით რედფილდის განცხადებაზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რედფილდი უბრალოდ დაიბნა და ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წელს იქნება.