ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “მეტრონომთან” დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს გარკვეული სანქციები დაეკისროს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 552 ევროპარლამენტარმა, 61 – წინააღმდეგი წავიდა. დოკუმენტი 36 პუნქტისგან შედგება.
ვკითხულობთ რეზოლუაციაში: “ევროპარლამენტი აცხადებს, რომ თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის დახმარება პირობითია და დამოკიდებულია რეფორმების პროგრესზე. კერძოდ, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების გადანაწილებასა და კონტროლზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საარჩევნო რეფორმაზე.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან, მედიის მფლობელთა წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისგან და ასევე მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები უცხოური და შიდა აქტორების მიერ დეზინფორმაციის აღსაკვეთად. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული მიღწევების დასადასტურებლად” – წერია რეზოლუციის მიღების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველო რეზოლუციაში აღნიშნულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას, ამერიკის შეერთებული შტაბების მსგავსად, შესაძლოა ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს.
“ევროპარალმენტი და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ძალისხმევას. გუშინ ხელი მოეწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, არსებობს რიგი მოთხოვნები და შენიშვნები, რომელიც ეხება კანონის უზენაესობის განმტკიცებას. თუ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა დემოკრატიულად და ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეიქმნას.
გვახსოვს, როდესაც აშშ-მა დაამტკიცა საქართველოს ფინანსური მხარდამჭერის პროგრამა, იქ დათქმა იყო, რომ თუ საქართველო არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, შესაძლებელია საქართველოსთვის 15% აღარ იყოს გამოყოფილი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ევროკავშირმა იგივე პოლიტიკა გაატაროს. არსებობდეს რაღაც დათქმა, რომ გარკვეული მიმართულებებით საქართველოს დახმარება შეუმცირდეს. ამას დამატებული, რაღაც მოთხოვნები არსებობდეს.
თუ საქართველოში არ განმტკიცდა დემოკრატია, ეს ნეგატიურად აისახება თითოეულ მოქალაქის ინტერესებზე. ამასთან, ეს შეაფერხებს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. ასპირანტ ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია გახდეს ევროკავშირის, ან ნატო-ს წევრი, ის აუცილებლად უნდა იყოს დემოკრატიული” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან.”
თამარ შუკვანი