ახალი ამბები პოლიტიკა

საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო უბნების ხმებს ითვლიან

საგარეჯოსა და მარტვილში, ასევე დმანისის, ვანის  და ხობის საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლა დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.

ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგი იყო:  20:00  საათის მონაცემებით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 34,43 %-მა, მარტვილში კი – 39,99 %-მა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოსა და მარტვილში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა, დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ  საარჩევნო ოლქებში კი – მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქაძის თქმით, ხმის მიცემის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდად ჩაიარა. თუმცა, მისი ნათქვამის საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებმა რამდენიმე ინციდენტი დააფიქსირეს. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის კადრები ბრიფინგზე დარღვევების საილუსტრაციოდ გამოიყენა საგარეჯოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა და განაცხადა, ინაშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებზე პროვოკაციებს აწყობენ.

“ამ ინციდენტებში მთავარი მოქმედი პირი არის ვინმე თორნიკე გასვიანი, რომელიც გადაადგილდება “მერსედესის” ჯიპის ავტომობილით ნომრით ZRZ 225″,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა  ბრიფინგზე.

მოგვიანებით, “პატრიოტრთა ალიანსის” წარმომადგენელმა თარხან გასვიანმა განაცხადა, რომ იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე პოლიციელების თვალწინ რამდენიმე პირი, მათ შორის, თამარ ხიდაშელის მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა. თარხან გასვიანს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების თქმით, გასვიანი გიორგიწმინდის ნომერ მე-20 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტშიც მონაწილეობდა.

 

იტვირთბა....