12 სექტემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარი 3.1546 ლარი ღირს, გუშინდელი ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარი 3.1308 ლარი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ივანე მაჭავარიანი “თერაპევტის ფუნქციას ითავსებს” და ხელისუფლებას ლარი “ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს.”
ხუხაშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ლარის შეკავება ხელოვნურად ხდება და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. როგორც იგი განმარტავს, “ქართული ოცნება” არჩევნებამდე ლარის შეკავებას ეცდება.
“ფინანსთა მინისტრი, როგორც ჩანს, თერაპევტის ფუნქციას ითავსებს. სისტემურად, ლარის კურსს განსაზღვრავს იმპორტ-ექსპორტი. ტურიზმიდან შემოსავალი და ფულადი შემოდინებები ზოგჯერ მეტია, ზოგჯერ – ნაკლები. გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმიდან შემოსავლები, ექსპორტის აქტივობა და ფულადი შემოდინებების მოცულობა შედარებით შემცირდა, საბოლოო ჯამში ეს დისბალანსი გაიზარდა. დეფიციტური გახდა დოლარი, გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტზე მოთხოვნილება ძალაშია. სისტემურად თუ არ გადაწყდა ეს პრობლემა, ჩვენ მუდმივად ვიქნებით ამ პრობლემის წინაშე.
ეს არის პრობლემა, რომლის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური და ეკონომიკურად გაუმართლებელი ნაბიჯებით. ბუნებრივი ეკონომიკური ფაქტორი ლარის სტაბილურობისა ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლება ეცდება არჩევნებამდე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდეს ლარი, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, მოუწევს გაშვება. ხელოვნური სუნთქვის აპარატს არ აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები. ჩემი პროგნოზი არის ნეგატიური” – აცხადებს ხუხაშვილი.
საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიარდი ლარს შეადგენს, თუმცა, ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას პროგნოზირებს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი შემდეგ წელს ნაკლები იქნება. მისი თქმით, ხელისუფლების ოპტიმიზმი, რომ მომავალ წელს ქვეყნის ბიუჯეტი 5%-ით გაიზრდება, რეალობას არ ასახავს.
“ოპტიმისტური პროგნოზი, რომ 2021 წელს 5%-იანი ზრდა გვექნება, ამას არ აქვს რეალური საფუძველი. თუ 20%-ით დაეცა და 5%-ით გაიზარდა, ეს არაფერს ნიშნავს. ყველაფერ ამაში მხოლოდ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ არის დამნაშავე. ზოგადი ტენდენცია სამყაროში მიმდინარეობს კორონავირუსის გამო.
ჩვენ პარქტიკულად არ გვაქვს ეკონომიკა რომ მის პერსპექტივაზე რაიმე პროგნოზი გავაკეთო. რაც არ არსებობს, იმის პროგნოზირება შეუძლებელია” – აღნიშნა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან.”
თამარ შუკვანი