„ზოგიერთ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რაც არის ინტერნეტზე წვდომა და ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, 730 სკოლაში დაიწყო სასწავლო წელი დისტანციური ფორმატით და სამინისტროს აქვს ინფორმაცია კონკრეტულად სკოლების მიხედვით, თუ რომელ სკოლაში არსებობდა გარკვეული ტექნიკური პრობლემები.
„აქ პრობლემა ორი მიმართულებით არის. ის, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს საგაკვეთილო ბადის ორგანიზება და ასევე, ტექნიკური მიმართულებით, რაც არის მაგალითად, ინტერნეტზე წვდომა, ვირტუალური საკლასო ოთახის ორგანიზება. ამ ნაწილში ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ტექნიკური მხარე მუშაობს, რომელიც ამ პროცესს განაახლებს და ხვალ უფრო გამართული დახვდებათ.
როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, უკვე ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს თავისი ვირტუალური საკლასო ოთახი ჰქონდა. ეს სისტემა აწყობილი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ლიცენზირებული პროგრამა, სადაც ვირტუალურად ხდება საკლასო ოთახში კლასის ორგანიზება. ეს არის უბრალოდ პროცესი, როდესაც სკოლებმა უნდა განაახლონ თავიანთი საკლასო ოთახები. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ამ თვალსაზრისით თუ რაიმე ხარვეზი არსებობდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული ტექნიკური მხარე და ეს ხარვეზი სწორდება“, – განაცხადა დგებუაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.