უცხოელებისთვის “ქართული ოცნების” ზედმეტად მოდუნებული პოზიცია
„ცუდი ქართული ოცნება: მთავრობის პიარ-მარცხი“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „International Policy Digest”.
„გასული კვირა ძალიან დაძაბული იყო ქართული პოლიტიკისთვის“. ვკითხულობთ სტატიაში. “ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდნენ დემოკრატიული პროცესების საზღვრებიდან. შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია არა თუ დაიწო, უკვე პიკს აღწევს“. – ამბობს სტატიის ავტორი.
ამერიკული გამოცემა დეტალურად მიმოიხილავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს: თავდასხმას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, გვარამიას განცხადებებს. მთავრობის სხდომაზე პრემიერის გაკეთებულ განცხადებას კი ავტორმა, „დაუფიქრებელი განცხადება უწოდა“, რომელმაც დააზიანა თავად „ქართული ოცნება“.
„ხელისუფლებას პიარ-განათლება სჭირდება. არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ეს დრო საკმარისია “ქართული ოცნებისთვის PR გაკვეთილებზე სასიარულოდ“. ასე სრულდება უცხოური გამოცემის სტატია.
„მეტრონომი“ პიარის სპეციალისტ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა. ჩვენ მას ვთხოვეთ შეეფასებინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მოდელები ერთმნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცალმხრივი, თითქმის პროპაგანდისტული კომუნიკაციის მოდელიდან, გადავედით ორმხრივ საკომუნიკაციო მოდელზე.
წინა ხელისუფლების დროს გამსხვილებული, მთავრობის პოზიციის გამტარი მედია საშუალებების ნაცვლად, დღეს მივიღეთ სხვა რეალობა – მედია და სოციალური მედიის პლათფორმები, სადაც ძალთა გადანაწილება შედარებით თანაბარია.
დღევანდელი ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში გამოირჩევა ნაკლებად პროაქტიული და თანმიმდევრული კომუნიკაციით, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ასპარეზზე.
მეორეს მხრივ, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, ირჩევს აგრესიულ, მაგრამ ნაკლებად სანდოობით გამყარებულ თეზისებს, რაც ხშირ შემთხვევაში ასევე იწვევს დაბალ მიმღეობას საზოგადოების კუთხიდან.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წინა ხელისუფლების დროს, სიტყვა პიარმა, შეიძინა კომიკური და ხშირად ნეგატიური ხასიათი, იქიდან გამომდინარე, რომ ხდებოდა ე.წ. “საპნის ბუშტის ეფექტის” გამოყენება, ერთი ობიექტის რამდენჯერმე გახსნა, ფაქტების გაბუქება, ამიტომ ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე, დღევანდელმა მთავრობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით, ზედმეტად მოდუნებული პოზიცია დაიჭირა“. – განუცხადა „მეტრონომს“ ბაღდავაძემ.
მარიამ ვარადაშვილი