გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფან ზიბერტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც შტეფან ზიბერტმა განაცხადა, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტი საფრანგეთისა და შვედეთის სპეციალურმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს,.
„ჩვენ ვაახლებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს. შემდგომ, მოქმედებებთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ახლო კონტაქტში ვიმყოფებით,“- განაცხადა ზიბერტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს შეიყვანეს. ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლეს.ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს
მოგვიანებით გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამ განცხადებას რუსული მხარე გამოეხმაურა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადებით, ნივთიერება, რომლიტაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ის ლაბორატორიებში მზადდება.