“ჩვენი ერთადერთი ინტერესი თავისუფლად მაუწყებლობაა. ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას, მთავრობამ კი დაიცვას უსაფრთხოება… ” – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“პროცესები ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში გამწვავდა. და გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. მიუხედავად იმ რეჟიმისა, უწყვეტი სტრესისა შანტაჟისა, ცილისწამებისა, რომელშიც ხელისუფლება გვამყოფებს, ჩვენ არჩეული გეგმა გვაქვს, რომელსაც ხელისუფლებას არ გავაცნობთ იმიტომ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეა. ჩვენი ერთადერთი ინტერესი, ერთადერთი და ლეგიტიმური თავისუფლად მაუწყებლობაა. რას ფიქრობს ხელისუფლება, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. ბოლო 2 დღეში განვითარებულმა მოვლენებმა რწმენა შემირყია პრემიერის მიმართ. ის ხშირად ცრუობს. ჩვენ დღეიდან თავად ვიღებთ პასუხისმგებლობას დავიცვათ თავი. ჩვენ არ მოვუწოდებთ არავის შეიკრიბოს და დაიცვას “რუსთავი 2″. ჩვენ აქამდე ვაკეთებდით ამას, მაგრამ ვეღარ ავიღებთ ვერავის წინაშე პასუხისმგებლობას… ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას მთავრობამ კი დაიცვას უსაფრთხოება.” – განაცხადა გვარამიამ
ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის გამოცხადდეს პროკურატურაში დაკითხვაზე და პასუხი გასცეს ყველა კითხვას. მისი თქმით, თუკი იგი პროკურატურიდან არ დაბრუნდება, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაალ უდუმაშვილს ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.
აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, “რუსთავი 2-ის” შენობასთან ბარიკადების აღმართვას სთავაზობს.