“დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა,”-ამისშესახებ შინაგან საქმეტა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
“ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის – გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას,”- აცხადებენ უწყებაში.
გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, “მთავარმა არხმა” გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი და საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა. წყაროს თქმით, ამირხანაშვილს ტელეფონი გამომძიებლებმა მისცეს და გასაიდუმლოებული მიმოწერისთვის იყენებდნენ. მიმოწერის ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა, საპასუხოდ “ოქროს მოწმე” იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.