ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი პროკურატურაში დაიბარეს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ეკა ქობესაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი აცხადებს, იგი გაეცნო საქმის მასალებს და გამოძიებას მასთან სატელიტებით გადაღებულ იმ ფოტომასალასტან დაკავშირებით ექნება, რომელიც ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 9 სექტემბერს გაასაჯაროვა.

“სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით გავაჟღერეთ ინფორმაცია, თუ საიდან იყო მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ავუხსენი პროკურატურას, რომ მე ინფორმაცია მაქვს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ რამიშვილისგან, მაინც მიიჩნიეს აუცილებლად, რომ გამოვცხადდე და მოხდეს ჩემთან გასაუბრება. უნდა გავეცნო საქმის მასალებს, ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი არის გავეცნო მწყემსების ჩვენებას და ასევე დეტალურ სატელეფონო ამონაწერს თუ რა კომუნიკაცია ჰქონდათ ამ მწყემსებს, რომლებმაც დაინახეს მანქანა, იქაურ უბნის ინსპექტორთან, არის თუ არა შესაბამისობაში მათ მიცემულ ჩვენებებთან” – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ცნობისათვის, 8 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რამიშვილმა განაცხადა, რომ მან საკუთარი წყაროებით მოიპოვა სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რაც ადასტურებს, რომ გაუჩინარების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში იმ ადგილას არ იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე თქმით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადგილზე ცხედარი ავტომობილით მოგვიანებით მიიტანეს.

ამ განცხადების შემდეგ მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სატელიტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა ადვოკატმა არ ისურვა იმ წყაროს დასახელება, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

იტვირთბა....