ფადი ასლი: „ვინც ამტკიცებს, რომ ბიზნესი თავისუფალია, ან მატყუარაა, ან სრული იდიოტი”
საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ ბიზნესის ზეწოლაზე გააკეთა განცხადება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთ მიღწევად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება სახელდებოდა. ცალკეულ ბიზნესმენთა უფლებების დასაცავად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ომბუცმენის აპარატიც კი შექმნა, რათა ბიზნესს თავი უფრო „დაცულად“ ეგრძნო.
„ვინც ამტკიცებს, რომ ბიზნესი საქართველოში თავისუფალია, ან მატყუარაა ან სრული იდიოტი. ჩვენს წევრ მინიმუმ 10 კომპანიას მიზანმიმართულად ავიწროებს ფინანსური პოლიცია და ბოლო ორწელიწადნახევარი შემოსავლების სამსახური შეუჩერებლად ახორციელებს აუდიტს. მათი საბანკო ანგარიშები სრულად გაიყინა და ისინი იძულებით მიიყვანეს გაკოტრების პირას.“ – აცხადებს ფადი ასლი.
„ყველაზე დიდი პრობლემა ბიზნესისთვის, მუდმივად ცვლადი კანონმდებლობაა, რომელთა შეთანხმებაც ბიზნეს წრეებთან არ ხდება“ . – ამბობს საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი.
„მეტრონომი“ ბიზნეს გარემოზე სასაუბროდ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ მათ ასლის განცხადებაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც გავაცანით კომენტარის შინაარსი, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ გვითხრეს, რომ ვაჭრობის საერთაშორისო პალატას ჰყავს თავისი წევრები და თუ მათ რამე პრობლემა ექმნებათ შემოსავლების სამსახურთან, ისინი სწორედ ფადი ასლის ორგანიზაციას უკავშირდებიან. რაც შეეხება მათ ასოციაციაში შემავალ კომპანიებს მსგავსი პრობლემა ჯერ არ შექმნიათ.
როგორც ჩანს, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მოქმედი ბიზნესისთვის კანონმდებლობის ხშირი ცვლაა. ამ საკითხზე „საქართველოს ბიზნეს აცოციაცია“ და „საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატა“ თანხმდებიან.
„მეტრონომთან“ კომენტარი გააკეთა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.
„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დღეს ბიზნეს გარემო არის თავისუფალი იმ ბიურაკრატიული ბარიერისგან, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. რაც შეეხება აუდიტს, როდესაც აუდიტის სამსახური შედის კომპანიაში, ბუნებრივია, მას სჭირდება დრო. არაობიექტური იქნება თუ ამას ხელისუფლებას დავაბრალებთ.“
რაც შეეხება კომპანიების შეფერხებას აუდიტორული საქმიანობის დროს, გულბანი განმარტავს, რომ ბიზნესი გაგებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, რადგან აუდიტიც ახორციელებს ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ საქმიანობას, რომელიც დროში იწელება.
„წინა ხელისუფლება ახორციელებდა ბიზნესის რეკეტს და ამით ხდებოდა ბიუჯეტის შევსება. დღეს, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ბიზნესმენს, რომელზეც ხორციელედება ზეწოლა“. – აცხადებს შოთა გულბანი.
ჩვენ ასევე ვცადეთ დავკავშირებოდით ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომლის პირდაპირი მოვალეობა ბიზნესგარემოზე ზრუნვაა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ბატონმა გახარიამ ჩვენს ზარს არ უპასუხა.
საინტერესოა, ბატონი გახარია და მისი პრესსამსახური ცალკეულ „დაჩაგრულ“ ბიზნესმენთა მიმართაც ასეთი „ოპერატიულები თუ არიან“?!
ზოგადად, ბიზნესგარემო წარმოადგენს სოციალურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე, სტრატეგიებზე, პროცესებსა და საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნისთვის ძალიან ბევრი კომპონენტია საჭირო. აქედან საკანონმდებლო რეგულაციებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ქვეყნის ეკონომიკის წარმატების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული როლი სახელმწიფოს აკისრია, რადგან ის ადგენს იმ საკანონმდებლო ბაზას, რომელშიც ბიზნესმა უნდა იარსებს.
საბოლოო ჯამში, ბიზნესზე ზეწოლა რომ ძველი ფორმებით არ მიმდინარეობს, აშკარად იგრძნობა. თუმცა, ფადი ასლის განცხადების იგნორირება, განსაკუთრებით იმ უწყებებისათვის, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ მსგავსი განცხადებების შესწავლა, არ მგონია ნორმალური იყოს. მითუმეტეს, როცა ფადი ასლის განცხადებით პირველ რიგში ბიზნესომბუდსმენი უნდა ინტერესდებოდეს და სათანადო შესწავლამდე ერთ განცხადებას მაინც აკეთებდეს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებისათვის.
მარიამ ვარადაშვილი