ბათუმში იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად იუსტიციის სახლი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განუცხადა.
შავიშილის განცხადებით, იუსტიციის სახლში ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
”ეპიდკვლევა იქ დასაქმებული ადამიანების ინფიცირებამ გამოიწვია, თუმცა რა პოზიციაზე მუშაობენ ისინი უცნობია. ერთი გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, ორის წყარო კი უცნობია. დანარჩენები ყველა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ხოფის ბაზრობა ამ ეტაპზე დაკეტილია,”- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
მისივე თქმით, ეპიდკვლევა მიმდინარეობს აჭარის გარემოს დაცვის სამსახურში, სწორედ ამ კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა ისინიც ფუნქციონირებას.
აჭარის რეგიონი წითელ ზონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ამ ეტაპზე არ მკაცრდება, მკაცრდება კონტროლი უკვე შემოღებული წესების აღსრულებაზე. საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების დღიდან 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 321–ს შეადგენს.